Saturday, December 7, 2013

მარტოობა სიცოცხლეს ამოკლებს


    მე მარტოხელა ვარ. ამბობენ, რომ მარტოობა სიცოცხლეს ამოკლებს, ხალხთან ურთიერთობა კი, პირიქით, ახანგრძლივებს. მართალია თუ არა ეს?

          ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ღრმად მოხუცი ქალი. ერთ დღეს იგი გარდაიცვალა. ყველას მარტოსული ადამიანი ეგონა და ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის დაკრძლავაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ცნობილი პიროვნება ჩამოვიდა. სამგლოვიარო პროცესიას მიაცილებდნენ ცნობილი მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, მეცნიერები... აღმოჩნდა, რომ მოხუცს მათთან დიდხანს ჰქონდა მიმოწერა და, როგორც ვარაუდობენ, სასიცოცხლო ენერგიას სწორედ ხალხთან ამ უჩვეულო ურთიერთობით იღებდა. ამ უცნაურ მოხუცს ინტერნეტის შესახებ რომ სცოდნოდა, ალბათ 100 წელზე მეტხანს იცოცხლებდა.
          მკვლევართა აზრით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობასა და პროფილაქტიკაში გადამწყვეტ როლს ძვირად ღირებული მედიკამენტები, საგანგებო დიეტა თუ ქირურგიული მკურნალობა კი არა, სიყვარულის უნარი ასრულებს. მკურნალობის ეს უჩვეულო მეთოდი პირველად ამერიკელმა დოქტორმა დინ ორნიმმა აღმოაჩინა. მისი აზრით, გაცილებით ადვილია გულის კარი გაუღო ადამიანებს და აჩუქო მათ სიყვარული, ვიდრე უმკურნალო ბლოკირებულ სისხლძარღვებს. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებისგან გარიყული ადამიანები 3-5-ჯერ ხშირად ავადდებიან და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო ნაკლებია, უმთავრესად - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. სიყვარული, მზრუნველობა, ოჯახისადმი კუთვნილების გრძნობა - აი, უებარი წამალი გულით დაავადებულთათვის. ნაშრომში "სიყვარული და გამძლეობა" დინ ორნიში მოგვითხრობს ორი ამერიკული ქალაქის შესახებ, რომელთა მცხოვრებნიც, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. სხვაობა მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ქალაქის ბინადრები ერთმანეთის ნათესავები და გულითადი მეგობრები იყვნენ, მეორისანი კი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. სტატისტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეორე ქალაქში ინფარქტი, კიბო, დიაბეტი და ინფექციური სნეულებანი უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე პირველში. საინტერესო და საყურადღებოა კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგი. ამერიკელი გოგონები და ბიჭები გამოკითხეს იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა გულახდილი, თბილი ურთიერთობა მშობლებთან. 40 წლის შემდეგ ექიმებმა ჩაატარეს იმავე პირების სამედიცინო გამოკვლევა. მათ, ვისაც მშობლებთან სიყვარული არ აკავშირებდა, მძიმე ქრონიკული პათოლოგიები აღმოაჩნდათ, ხოლო მეორე, "მოსიყვარულე" ნახევარი გაცილებით იშვიათად ავადმყოფობდა. მაინც, როგორ გავხდეთ უფრო სათნონი, მოსიყვარულენი, მზრუნველნი, ყურადღებიანნი და, შესაბამისად, ჯანმრთელნი? ამისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ ექიმ დინ ორნიშის რჩევები:
1. ახლობლებთან ურთიერთობისას იყავით გულახდილი, დაუფარავად გამოხატეთ გრძნობები, ემოციები, ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრებს და პატივი ეცით მათ გრძნობებს.
2. ეძებეთ ახლობელი ადამიანები. თუ გგონიათ, რომ მათ თქვენი არ ესმით, შეეცადეთ იპოვოთ ის, ვინც მოგისმენთ, გულითადად მოგეპყრობათ და გაგიგებთ.
3. აღიარეთ შეცდომები და გამოიმუშავეთ მიტევების უნარი - ეს ხომ გულთბილი და გულწრფელი ურთიერთდამოკიდებულების საწინდარია!
როცა შეცდომებს აღიარებთ, დიდ შვებას გრძნობთ. მიტევება კიდევ უფრო სასიამოვნო განცდას ტოვებს, ურთერთობაც უფრო ადვილი და სასიამოვნო ხდება.
4. იზრუნეთ ახლობლებზე - ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით. სხვებზე ზრუნვა მარტოობის დაძლევის იდეალური საშუალებაა. რაც მთავარია, ის უდიდეს სიამოვნებას და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.
5. მიიღეთ სხვებისგან დახმარება, თუ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა (უბედურმა შემთხვევამ, დაავადებამ, ოჯახურმა უთანხმოებამ, ალკოჰოლიზმმა და სხვა) მარტო დარჩენის საფრთხე შეგიქმნათ.
6. შეეხეთ ერთმანეთს. ბევრს უჭირს, შეხებით გამოხატოს გულთბილი დამოკიდებულება. გულცივობას, უნდობლობას ხშირად დეპრესიამდე, ავადმყოფობამდე და სიკვდილამდეც კი მივყავართ. გაუწოდეთ ხელი მეგობრებს, გულში ჩაიკარით და ამით საკუთარ თავს ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხალისი და ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქეთ!


                                     



           დიალოგი ზოგჯერ საკუთარ თავთანაც უნდა გამართოთ. იმის გასარკვევად, რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა გაქვთ, განმარტოვდით და ესაუბრეთ საკუთარ თავს. ურთიერთობის უნარი - მთავარი ადამიანური მოთხოვნილება და ღირსებაა, მაგრამ ყველას არ შესწევს საამისო ძალა და არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი თვისებები. ზოგი უფრთხის სხვასთან ურთიერთობას, გაურბის კონფლიქტებს. სულიერად ჯანსაღი ადამიანები კი ცდილობენ ზუსტად გამოხატონ თავიანთი გრძნობები. ისინი არც სქესობრივი სტერეოტიპებით იზღუდებიან. თანამედროვე მამაკაცი არ ცდილობს, ჭეშმარიტი გრძნობების დასაფარავად ქალს მკაცრ რაინდად მოაჩვენოს თავი, არ ეშინია, რომ ემოციების გამჟღავნება მის ვაჟკაცობას დაამცრობს. არც თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ქალს აშინებს აგრესიული რეპუტაცია - იგი თამამად ამჟღავნებს თავის პოზიციას და მორჩილ და პასიურ როლს საზოგადოებაში აქტიურ თვითდამკვიდრებას ამჯობინებს.

No comments:

Post a Comment